გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, როგორც კი ნამახვანჰესის აქციაზე ბევრი ხალხი დაინახეს, მაშინვე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციისა და სათავეში მოქცევის მცდელობები.
მისი აზრით, პრობლემა საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია.
“სისტემა გვაქვს იდიოტურად მოწყობილი, მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან, რაც ასეთი ტიპის კონფლიქტებს გარდაუვალს ხდის. ინვესტორი მიდის მთავრობასთან, თეთრი და შავი ფულით ყიდულობს მშენებლობის ნებართვას და მთავრობა მას არწმუნებს, რომ მან გადაიხადა ნებართვის შესაბამისი ფასი. სინამდვილეში, რა ჯდება რეალურად ნებართვა, დამოკიდებულია იმაზე, რა ფასს ითხოვს ის ხალხი, ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები, რომლებიც მათ ტრადიციულ და/ან ფორმალურ მფლობელობაშია და რომლებიც უნდა დათმონ ან რომელთა ფასიც შემცირდება ჰესის მშენებლობის შედეგად. სხვაობა ამ ორ ფასს შორის წარმოშობს კონფლიქტს.
შესაბამისად, კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა. თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი – ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა დანარჩენი ყველაფერი სისულელეა”,– წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook–ზე.
გირჩის– მეტი თავისუფლების ლიდერი ასახელებს ნამახვანჰესზე გავრცელებულ 6 მოსაზრებას, რომელიც, მისი აზრით, სისულელეა.
“1. დიდი ჰესები არ გვინდა არის სისულელე. რანაირად არ გვინდა ან რატომ არ გვინდა? დიდი ჰესები არის უამრავ ქვეყანაში, რომელსაც აქვს წყლის რესურსი. დიდი ანუ კაშხლიანი ჰესი ნიშნავს, რომ შესაძლებელია დაგუბება და დენის მაშინ გამომუშავება, როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება (მაგალითად ზამთარში, ჩვენს შემთხვევაში, როცა პიკური მოთხოვნა ყველაზე მაღალი გვაქვს).
2. დიდი ჰესები საშიშია – არის სისულელე. ნამახვანის საინვესტიციო ღირებულება არის მილიარდ დოლარამდე. ვინმეს გულწრფელად სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? ან იმის სჯერა ვინმეს რომ მილიარდი დოლარის ჩამდებზე მეტად აინტერესებს კაშხლის უსაფრთხოება რომელიმე ქართული სამინისტროს რომელიმე ბიუროკრატს ან რომელიმე მწვანე არასამთავრობოს რომელიმე თანამშრომელს?
3. გარემოს შეცვლის / დააზიანებს არის სისულელე. რა თქმა უნდა, შეცვლის. ადამიანები სულ ვცვლით გარემოს. მაგით განვსხვავდებით სხვა ცხოველებისგან, რომ შეგვიძლია გარემოს საკუთარ სურვილებზე მორგება და ცხოვრების გაადვილება. სხვა შემთხვევაში ვისხდებოდით ახლაც მღვიმეში, სუფთა ჰაერით და წათლილი ქვით ხელში. გარემოს შეცვლა არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია რომ ეს ‘გარემო’ ვიღაცის საკუთრებაა ან ამ ‘გარემოთი’ ვიღაცა სარგებლობს. და როდესაც სხვა ამ გარემოს ცვლის, იმათ ზიანი ადგებათ და შესაბამის კომპენსაციას ვერ იღებენ.
4. ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი.
და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი.
5. ბიტკოინებისთვის უნდა ბიძინას ეს ჰესი და ამიტომ არ გვინდა, რაც ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. არავის საქმე არაა დენს ვინ რაში მოიხმარს. მანდ პრობლემა იმაშია, რომ ის მაინინგის ფერმა, რომელშიც ბიძინას ფონდის ფული იდო, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა (არ ვიცი, ისევ მისია თუ არა და არ ვიცი ისევ აქვს თუ არა შეღავათი), ანუ ჩვენ, მოსახლეობა ვასუბსიდირებდით ირიბად. უსამართლო საგადასახადო შეღავათია პრობლემა და არა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის დენის გენერირება ან გამოყენება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას.
6. და ბოლოს, რაც ყველაზე ხშირად მომხვდა ყურში – თურქების აშენებული არ გვინდა, თურქებს რატომ უნდა მივცეთ მიწა 40 წლიანი იჯარით? – არის არა უბრალოდ სისულელე, არამედ ძალიან საშიში სისულელე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ინვესტორის ეთნიკურ წარმომავლობას. მადლობა ვუთხრათ ნებისმიერს (!) ვინც აქ გადაწყვეტს თუნდაც 100 დოლარის ჩადებას, აქ, ამ საგიჟეთში. ვიღაცა შემოდის, მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს აქ და პასპორტს ვუმოწმებთ? 40 წლიანი იჯარა გვგონია ბევრი?”,– წერს ზურაბ ჯაფარიძე.
მისი განმარტებით, ასეთი ტიპის ქსენოფობია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ კულტივირებულ ირაციონალურ შიშებს ეფუძნება და არის ნომერ პირველი მიზეზი იმისა, რომ “დღემდე ვზივართ წუმპეში”.
“და ასეც დავრჩებით სანამ აზრზე არ მოვალთ. მშიერი, მაგრამ ამაყი, სანამ რუსეთი არ მოვა და მორიგ ჯერზე არ დაგვაჩმორებს”,– აცხადებს ჯაფარიძე.