გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს. ჯაფარიძემ “ფეისბუქზე”დაწერა, რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს.
“მე უარს ვამბობ ამ შესაძლებლობაზე, რაც ნიშნავს რომ გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით. ლოგიკურად, შეთანხმება საერთო კანდიდატებზე თბილისის დარჩენილ 6 ოლქში, ახლა უფრო მარტივი იქნება”,- წერს ჯაფარიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებად ისეთი ადამიანები დასახელდნენ, ვისაც მეტი შანსი აქვს სხვადასხვა ტიპის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმები მიიღოს.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ გირჩის ამომრჩევლის ხმები იმ კანდიდატისკენ წავა, ვინც საჯაროდ მხარს დაუჭერს იმ ხედვებს, რომლის განსახორციელებლადაც გირჩი პარლამენტში ბრძოლას აპირებს:
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება;
- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე;
- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება;
- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა.