ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაველოდებით – ხატია დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარდასაჭერად ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაელოდებან. ამის შესახებ, მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით ნაციონალურ მოძრაობას და გირჩს ბევრ საკითხებზე აქვს კონსულტაციები და ჯაფარიძის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარგენის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მას მხარს დაუჭერენ.

“მე პირადად ნამდვილად მომწონს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა. ძალიან დიდი კონტრასტია კომპარტიის წარმომადგენელ გია ვოლსკისა და ზურას შორის. ჩვენ გირჩთან მუდმივად გვაქვს კონსულტაციები, არამხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებზე, სხვა ჭრილშიც მუდმივად განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხებს”, – ამბობს ის.

დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით პარასკევს, 14 აგვისტოს გახდება ცნობილი.

“ჩვენც ახლა ვმსჯელობთ, ამ ერთიანი გადაწყვეტილების შემდეგ, როგორი კონფიგურაცია წარსდგება და დიდი ალბათობით, არ არის გამორიცხული მხარი დავუჭიროთ ზურას კანდიდატურას”, — აღნიშნავს ის.