ზუსტად ერთი წელი კორონავირუსის აღმოჩენიდან. როგორ დაიწყო ყველაფერი

დღეს ზუსად ერთი წელი შესრულდა იმ მომენტიდან, როცა ჩინეთის ხელისუფლებამ პირველად შეატყობინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის ახალი ტიპის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც მოგვიანებით Covid19 უწოდეს და რომელმაც არსებითად შეცვალა პლანეტაზე ცხოვრება.

“2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმოს ჩინეთის ბიურომ მიიღო ინფორმაცია  ჩინეთის პროვინცია ჰუბეის ქალაქ უხანში უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიით დაავადების შესახებ“– ეწერა ჯანმოს  განცხადებაში, რომელიც 5 იანვარს გამოქვეყნდა.

3 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანმოს პნევმონიის მქონე 44 წლის პაციენტის შესახებ შეატყობინა, რომელთაგან 11 უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მათ მცირე ინფორმაცია ქონდათ დაავადების გავრცელების რისკების შესაფასებლად და საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გასაცემათ.

“დღეისათვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამ მოვლენის შესახებ, ჯანმო არ გასცემს რეკომენდაციას ჩინეთში მიმოსვლის ან მასთან ვაჭრობის  რაიმე შემზღუდავი ზომების შემოღების შესახებ “– ნათქვამი იყო ჯანმოს პრეს რელიზში.

მედიაში მალევე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და გაჩნდა კითხვები – რამდენად საშიში იყო ის.  გაჩნდა პროგნოზები, რომ ვირუსი იმაზე ბევრად მაშტაბურ საფრთხეს შეიცავდა, ვიდრე ამის შესახებ ჩინეთის ხელისუფლება და ჯანმო იტყობინებოდა.

დღეს, პირველი ინფორმაციის გაჩენიდან ერთი წლის თავზე მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოცენობამ 83 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 1 800 000–ს.

პანდემიამ, რომელიც ჯანმომ ოფიციალურად 13 მარტს გამოაცხადა, მთლიანად შეცვალა პლანეტაზე სიცოცხლე. ბევრმა სახელმწიფომ კარანტინი გამოაცხადა და დღემდე საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. უდიდესი დარტყმა მიიღო მსოფლიოს ეკონომიკამ.

წლის ბოლოს ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედი ვაქცინების გამოჩენამ გამოიწვია.  ბევრ ქვეყანაში უკვე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

2020 წელი მსოფლიოს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე რთული წლის სახელით შევა.