ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ქართველ ექიმებს მიმართავს.
„ჩემო ძვირფასო კოლეგებო,შეიძლება საქართველოდან ასე ჩანს რომ ჩვენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ექიმებმა „თავს ვუშველეთ“ აქ წამოსვლით, მაგრამ ღმერთმა უწყის, რომ გულით და სულით მანდ ვართ;
მხოლოდ იმიტომ რომ, საბედნიეროდ, მანამდე გამოვცადეთ ჩვენს თავზე ეს საშინელება ვიდრე თქვენამდე მოაღწევდა, ზუსტად ვიცით რა მოელის ჩვენს პატარა ქვეყანას და რამხელა საფრთხის ქვეშ ხართ პირველ რიგში თქვენ, ვკადნიერდები რომ გთხოვოთ:
ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, მოქალაქეობრივი თვითშეგნების გარდა, პროფესიული პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!
მე კარგად მესმის რომ ისედაც დაბეჩავებულ, დასუსტებულ და ხშირად მანკიერ სისტემაში გიწევთ მუშაობა, სადაც თქვენი აზრის დაფიქსირება შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, მაგრამ ახლა, როდესაც დღესავით არის ნათელი სად გადის ზღვარი სწორ ქცევასა და კომფორმიზმს შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!
ეს სენი არ დატოვებს არცერთ სპეციალობას, რომელსაც არ შეეხება, უკვე რამდენიმე კვირაა ბნელ ოთახში ვაცეცებთ ხელებს და რამდენი ნაღმია ოთახში, იმასაც კი ვერ ვხედავთ. შეიძლება სულ მალე ორთოპედებს თერაპევტობა მოგიწიოთ, ონკოლოგებს ინტენსივისტობა; ეს რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!
თქვენ გაქვთ უფლება, რომ იყოთ სათანადოდ დაცული, მიუხედავად იმისა, რომელ კლინიკას წარმოადგენთ;
თქვენ ხართ ჯარისკაცები ამ ომში და გჭირდებათ აღჭურვილობა, შიდა წრეებში ამის განხილვა საკმარისი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდეს!
ჩვენ პაციენტების დაცვა არა მხოლოდ კლინიკებში და სტაციონარში, არამედ მის გარეთაც გვევალება და, როდესაც რეალურ საფრთხეს ვხედავთ, მყისიერად უნდა ვიმოქმედოთ რომ ეს საფრთხე პაციენტს თავიდან ავაცილოთ.
რა თქმა უნდა პანდემია გადაივლის, რა თქმა უნდა, როგორც ერი, ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ იგივე საქართველოში აღარ გავიღვიძებთ და ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედავთ, რადგან ვიცოდით საფრთხის შესახებ და არაფერი მოვიმოქმედეთ.
ამიტომ გთხოვთ, მიმართეთ მთავრობას საერთო განცხადებით, რომ უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობის აღსრულება გამონაკლისის გარეშე, მათ შორის ეკლესიებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.როდესაც ბევრნი ვიქნებით, მეტი შანსი იქნება რომ მოგვისმინონ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
პატივისცემით“, – წერს მამუკა მაჩაიძე.