ზუსტად 1 წლის შემდეგ, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პარლამენტის წინ კარავი კვლავ გაშალა. როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, მოვიდა დრო რომ ხელისუფლებამ პასუხი აგოს კარავი კი პარლამენტთან დარჩება.
“მე წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი ზუსტად ამ ადგილას. სამი ზამთარი გავატარე აქ იმის მოთხოვნით, რომ დასჯილიყვნენ თემირლანის მკვლელები, დამდგარიყო სამართალი. მაგრამ იმის სანაცლოდ, რომ დაესაჯათ ეს ადამიანები, სახელმწიფომ შეცვალა კურსი და მთელი თავისი სიბინძურით დამეტაკა სახელმწიფო მახინჯი სისტემა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარავი დაბრუნდებოდა თავის ადგილას, თემირლანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით. მე არცერთი წუთით პროტესტი არ შემიჩერებია. სამი წელი გავიდა, მეოთხე დაიწყო სულ ქუჩაში ვარ და ვითხოვ, რომ დაისაჯოს, გამოვლინდეს თემირლანის მკვლელები. ეს კარავი აქ დარჩება, კიდევ დაშლიან? კიდევ დავდგამ. მაგრამ, ამათ ამათი ძალა და ხელისუფლება აღარ აქვთ, მოვდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს”, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რის დროსაც 18 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა, 2018 წლის 10 იანვარს, თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლების დასჯასაც ითხოვს, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.