ზ.ხ.-ს მამა რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა, არ გამორიცხავს, რომ დღესვე დააკავონ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც თამაზ ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაბარებულია მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე. კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება „თეთრი ისარი”, რომელმაც მას მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც სხვა საქმეზე “შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული”.

ხომასურიძე არ გამორიცხავს, რომ ის დღესვე დააკავონ. მისივე განმარტებით, დღეს მის საცხოვრებელ სახლში სამართალადამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს, რა დროსაც ამოიღეს მისი პირადი მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და საბუთები.

„ჩემს სახლში ჩხრეკის მიზნით შემოვიდა გამომძიებლების 5-კაციანი ჯგუფი. ჩემზე უკვე ზეწოლა წამოვიდა, ჩემი გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ დაკავებით და რაღაცას იმიზეზებენ, რომ დამაკავონ. შესაძლოა, ახლავე დამაკავონ. იციან, რომ რაღაც ინფორმაციას ვფლობ. შსს-ში დამიბარეს ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. მე ეთერში არ მითქვამს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, ვთქვი, რომ სხვა საქმეზე განაჩენია გამოტანილი. მე ამ დაჯგუფების “თეთრი ისარი” ფანი ვარ… ჩემი სახლიდან ჩხრეკის შედეგად წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და საბუთები. ყველაფერი გადმოყარეს, წაიღეს თავდაცვის სამინისტროს საბუთი, არ ვიცი, ამაში რა ინფორმაცია უნდა იპოვონ. არ გამაფრთხილეს ჩაატარეს ისე ჩხრეკა. ჩხრეკას არ ესწრებოდა ჩემი ადვოკატი”,- განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

ამასთან, თამაზ ხომასურიძის თქმით,დღეს ის არ აპირებს, მის ბრალდებულ შვილთან დაკავშირებით გამომძიებლების კითხვებს უპასუხოს. ხომასურიძე შსს-ში ადვოკატ გიორგი გელხაურთან ერთადმივიდა.