სახლში არავინ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხასშეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული, – ამის შესახებ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 განაცხადა“ სადაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმას და ბადრი ესებუას სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ ოპერაციას გამოეხმაურა.
„ძალიან კომიკური ხდება ის უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი, უინტელექტობა და უუნარობა, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და ამა თუ იმ სტრუქტურის წარმომადგენლები და პირველი პირები ახმოვანებენ. დამნაშავე იდენტიფიცირებულია ჟურნალისტების და მედიასაშუალებების მიერ. 2 დღეა გვეუბნებიან, რომ მათაც აქვთ ინფორმაცია, ვინ არის, მაგრამ გვიმალავენ, გვეუბნებიან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ თქვათ, თუ ვინმემ იცითო. ხომ კომიკურია? იდენტიფიცირების მთავარი მიზანი და შინაარსობრივად ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებას უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, ვინ არის ეს ადამიანი.
ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი ნაბიჯი არ გადაუდგამს შს სამინისტროს ამ დღეების განმავლობაში. ახლა ამ ადამიანის სახლში, სადაც მიდის ჩხრეკა, ალყა რომ დაარტყეს, ეს არის ფარსი და მეტი არაფერი. არავინ სახლში არ დაელოდებოდა პოლიციელებს და არც გატაცებულ თანხას არ შეინახავდა საკუთარი ძმების, თუ თავის სახლში. ეს ადამიანი სამშვიდობოს არის გასული. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს უუნარობამ და პარალიზებამ ერთი მარტივი მიზეზის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიქცა მონსტრად, რომელსაც უკვე ვეღარ მართავს „ქართული ოცნება“ და მისი „ლიდერშიფი“. შს სამინისტრო გადაქცეულია მონსტრად, რომელიც ორიენტირებულია „ქართული ოცნებისთვის“ საარჩევნო ყუთში ხმების მობილიზებაზე და არა კრიმინალთა ბრძოლაზე.“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.