თავდასხმა ინგლისში მატარებელში: 10 დაჭრილი, მათგან ცხრა — მძიმედ

ინგლისის კემბრიჯშირის საგრაფოში მატარებელში დანით თავდასხმა მოხდა , რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობებით. თავდასხმასთან კავშირში მყოფი ორი პირი დააკავეს. გამოძიებას ანტიტერორისტული პოლიცია შეუერთდა.

შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა მატარებელში, რომელიც ინგლისის ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დონკასტერიდან ლონდონის „კინგს კროსის“ სადგურისკენ მიემგზავრებოდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პოლიციამ და გადაუდებელმა სამსახურებმა მგზავრების ზარებიდან მიიღეს. მათ თქვეს, რომ მატარებელში მყოფ ადამიანებს დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

შემთხვევის შემდეგ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის მრავალი თანამშრომელი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე — ჰანტინგდონის სადგურზე (კემბრიჯშირი), სადაც მატარებლის იძულებითი გაჩერება მოხდა.

მატარებელში შეიარაღებულმა პოლიციამ ორი პირი დააკავა, თუმცა მათი ვინაობა  არ სახელდება.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, მამაკაცი იყო. პოლიციის განცხადებით, ცხრა დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. კიდევ ერთი დაშავებული ასევე ჰოსპიტალიზებულია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კვირა დილით ჰანტინგდონის სადგური კვლავ დახურული იყო. თვითმხილველების ცნობით, მატარებელი, სადაც თავდასხმა მოხდა, ისევ პლატფორმაზე დგას და პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

მატარებლების მოძრაობა ამ რეგიონში ნაწილობრივ შეფერხებულია ან გაუქმებულია. მოქალაქეებს მოუწოდებენ, კვირას შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მგზავრობისგან. ასევე მოქმედებს სატრანსპორტო გადაადგილების შეზღუდვები.

თვითმხილველების მონათხრობი


მალე გავრცელდა ინფორმაცია იმაზე, რაც თავდასხმის მომენტში ხდებოდა.

ოლლი ფოსტერმა, რომელიც ინციდენტისას მატარებელში იმყოფებოდა, მედიას განუცხადა, რომ მგზავრებს პანიკა დაეწყოთ — სისხლში ამოსვრილი ადამიანები ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.

ფოსტერის თქმით, პირველად გაიგონა ყვირილი: „გაიქეცით, გაიქეცით, ბიჭი ყველას დანით ჭრის!“ თავიდან ეგონა, რომ ეს ჰელოუინის ხუმრობა იყო.

რამდენიმე წუთში ხალხმა ვაგონში გადაადგილება დაიწყო, ფოსტერმა კი შენიშნა, რომ მისი ხელი სისხლით იყო დაფარული — „სისხლი ყველგან იყო, სავარძელზეც, რომელსაც ვეყრდნობოდი“.

მისი თქმით, ხანდაზმულმა მამაკაცმა გოგონა საკუთარი სხეულით გადაფარა და დაიცვა, თუმცა თავად თავისა და ყელის არეში დაიჭრა. მის ირგვლივ მყოფმა მგზავრებმა სისხლდენის შესაჩერებლად ქურთუკები გამოიყენეს.

ფოსტერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მხოლოდ 10–15 წუთი გაგრძელდა, ეს დრო უსასრულოდ გრძელი ეჩვენა.

ბრიტანულმა სატრანსპორტო პოლიციამ „BBC“-ს დაუდასტურა, რომ თავდაპირველად გამოყენებულ იქნა კოდური სიტყვა „Plato“, რომელიც გამოიყენება „მასობრივ ტერორისტულ თავდასხმაზე“ რეაგირებისას. მოგვიანებით ეს კლასიფიკაცია გაუქმდა.

პოლიციამ ინციდენტი „მასშტაბურ შემთხვევად“ გამოაცხადა, გამოძიება კი ანტიტერორისტული განყოფილების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სამართალდამცავების განცხადებით, ამ ეტაპზე ნაადრევია რაიმე ვერსიის ან მოტივის დასახელება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ რეგულარულად იღებს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და საზოგადოებას სთხოვა „თავი შეიკავონ კომენტარებისა და სპეკულაციებისგან ამ ეტაპზე“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მომხდარი „გამაოგნებელ ინციდენტად“ მოიხსენია, რომელიც „დიდ შეშფოთებას იწვევს“.