“თავდასხმა სახალხო დამცველის დამოუკიდებლობაზე შეშფოთებას იწვევს”- ევროკავშირის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიულანდი და ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ. წერილში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენის აპარატი ქართულ საზოგადოებაში გადამწვყვეტ როლს ასრულებს. ასევე ნათქვამია, რომ ისინი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და მისი უფლებების დაცვას ელიან.
”მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ ქებას მათი სამსახურისთვის, შეშფოთებას იწვევს თავდასხმები მათ დამოუკიდებლობაზე, მიუხედავად იმისა რომელი მხრიდან მოდის ისინი.
ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ქალბატონი ნინო ლომჯარიას განცხადებები, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ღირსების პატივისცემის, უსაფრთხოების და სამართლიანი სასამართლოს უფლებების პატივისცემის საჭიროებაზე და მის N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის გარემოებებთან დაკავშირებით. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით და ველით, რომ მისი უფლებები იქნება დაცული.
მას შემდეგ, რაც 2017 წელს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ქალბატონი ლომჯარია მაგალითს ქმნის და ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის, კარგი მმართველობის წახალისებისთვის და საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის. ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საფუძველში, მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი – განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ისეთი სახალხო დამცველის არსებობა, რომელიც თავის მოვალეობას გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ასრულებს.
ფაქტი, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი და გრანტები, ისევე როგორც EIDHR-ის პროექტები ამ ინსტიტუტს უჭერს მხარს, მის მნიშვნელობას ადასტურებს.
თავისი მოვალეობების ერთგულად შესრულებით ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა წვლილი შეიტანეს საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნებაში. მათ აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობა და მხარდაჭერა. ეჭვგარეშეა, საქართველოს დემოკრატიული მომავლის ერთგულებისთვის ისინი იმსახურებენ ქებას და არა კრიტიკას.” – ნათქვამია განცხადებაში.