“თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს,
“აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.
სასამართლოების სამი ინსტანციის განაჩენებით დადგენილია, რომ ალექსანდრე ნინუას მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებიტორულ დავალიანებად დაერიცხა 5 060 000 ევრო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო დავით კეზერაშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები. აღნიშნული საქმე შეეხება მხოლოდ ერთ შემთხვევას, როდესაც სახელმწიფოსგან 5 მილიონზე მეტი ევროს მიტაცება მოხდა.
სისხლის სამართლის საქმე არ გახლავთ მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული შემთხვევა, რადგან აღნიშნული თანხა უბრალოდ გადარიცხულ იქნა ოფშორულ კომპანიაში, ყოველგვარი საქონლის შეძენისა და მიწოდების გარეშე”,– აცხადებს უწყება.
თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს ქმედება “ნათლად ასახავს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რასაც წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ავლენდა”.