თავდაცვის ძალები 2 მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ – ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყეს. ამის შესახებ მან გენერალ მარკ მილისთან საუბრის შემდეგ ტელეგრამზე დაწერა.

“ტრადიციულად, ამერიკელ კოლეგას ვაცნობე ოპერატიული ვითარების შესახებ. კერძოდ, მტრის ძირითადი ძალისხმევის ლუგანსკის მიმართულებით გადატანის შესახებ, სადაც სასტიკი ბრძოლა გრძელდება პოპასნას, კრემინისა და ტორსკის მიდამოებში. ასევე, უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებით”,– აცხადებს ზალუჟნი.

მისივე თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსი აგრესორის მიერ საკრუიზო რაკეტების გამოყენების განახლებაზე, რისი მიზანიც არის უკრაინის სამხედრო-ტექნიკური დახმარების მიწოდების ლოგისტიკური მარშრუტების განადგურება.

“3 მაისის დღის განმავლობაში მტერმა გამოიყენა კასპიის ზღვიდან TU-160 სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გასროლილი 14 საკრუიზო რაკეტა. გუშინ საღამოს მდგომარეობით, ჩვენს ტერიტორიაზე 8 საკრუიზო რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. ამიტომ, უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების M142 HIMARS და M270 MLRS-ის მიწოდების საკითხი გადამწყვეტია”,– წერს ზალუჟნი და აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები არა მხოლოდ ინტენსიურად სწავლობენ NATO-ს იარაღის გამოყენებას, არამედ უზიარებენ თავიანთ საბრძოლო გამოცდილებას პარტნიორებს.