გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.
“რა სიყვარულის ბუშტი გაუსკდა ირაკლი კობახიძეს, რომ ყველა ვარიანტში ჩვენი დეპუტატობა უნდა? რაშია საქმე, რატომაა მონდომებული ხელისუფლება? ქუჩაში დასატოვებელი ხალხი არ ვართ, საქმეც მაგაშია, ხელისუფლებას ამის ეშინია. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი რისიც ეშინია, ეს არის ქუჩა იმიტომ, რომ ქუჩა ხელისუფლების მხრიდან არასდროს კონტროლდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ. ყველაფერს იზამენ, თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს ჩვენს სახელებს დაარქმევენ“,- განაცხადა სანიკიძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე თქმით, ოპოზიციაში სერიოზული ერთობაა, ამიტომ უპირობოდ პარლამენტში არავინ შევა. ხელისუფლების მხრიდან პირობის გარეშე ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.
„თუ ხელისუფლების მხრიდან არავითარი ინიციატივა და პირობა არ იქნა, უპირობოდ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ იქ უპირობოდ შესვლა ნიშნავს პოლიტიკურ სიკვდილს და არა მარტო პოლიტიკურს, არამედ მორალურ სიკვდილსაც კი. ამიტომ, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ძალიან ნორმალურად აქვს განსაზღვრული, რომ უპირობო შერიგება ივანიშვილის ხელისუფლებასთან გამოიწვევს ამა თუ იმ ოპოზიციონერის თუ ოპოზიციური ჯგუფის სრულ კრახს”,- აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.