“თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ“–გია ხუხაშვილი ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმას აქვეყნებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ ნაბიჯების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უნ და გადაიდგას.
“ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგზაო რუქა“ –ასე უწოდებს ხუხაშვილი გეგმას, რომელიც მისი თქმით სქემატურ ხასიათს ატარებს, მოცემულია მხოლოდ მოქმედების ალგორითმი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დეტალიზაციას.
ექსპერტის მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯები კი ასეთია:
ნაბიჯი 1. ამოცანის დასმა
ა) მოხდეს ე.წ. „კრიტიკული სამომხმარებლო კალათის“ შედგენა.
აქ საუბარია საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების სიის ფორმირებაზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის მინიმალური უზრუნველყოფისთვის.
ბ) განისაზღვროს კალათის საერთო მოცულობა პოზიციების მიხედვით წლიური მოხმარების შესაბამისად.
გ) განისაზღვროს იმპორტის წილი პოზიციების მიხედვით.
მოცანა მდგომარეობს შემდეგში – გ) პუნქტში მიღებული პროდუქციის საქართველოში წარმოების ორგანიზება მინიმუმ იმ მოცულობებით, რაც შეავსებს ბ) პუნქტში მოცემულ მოცულობებს.
ნაბიჯი 2. ძირითადი სამოქმედო მიმართულებები
ა) აგრარული მეურნეობები, მეცხოველეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, პირველადი ნედლეულის მოპოვება და/ან წლიური რეზერვების ფორმირება.
ბ) ლოგისტიკა – შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა.
გ) შესაბამისი სიმძლავრის კვების გადამამუშავებელი და პირველადი მოხმარების საგნების ინდუსტრიის მშენებლობა კონკურენტული, უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტებით.
ნაბიჯი 3. პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება სამოქმედო მიმართულებებზე 3-5 წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი კონკურენტუნარიან სისტემებად ჩამოყალიბება.
ა) პირდაპირი და არაპირდაპირი (საგადასახადო) ფინანსური სტიმულირება.
ბ) ეკონომიკური საზღვრის კონტროლის გამკაცრება
გ) ზოგიერთ შემთხვევებში მოკლევადიანი სუფსიდირება, კონკურენტუნარიანობის წერტილის მიღწევამდე.
დ) მიწის ფონდის მართვის ოპტიმიზაცია მისი სრულად ათვისების მიზნით, სასურსათო
უსაფრთხოების ამოცანების შესაბამისად.
კონკრეტულ ნაბიჯებზე რეკომენდაციებს შემდგომში შემოგთავაზებთ.
P.S. ვთხოვ თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტებს, ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ. ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, რომელშიც მათ მიერ დაზუთხულ ლიტერატურაზე დამყარებული რწმენა გამოუსადეგარია“.– წერს ხუხაშვილი.-