ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ აქცია მიმდინარეობს. აქცია 18:00 საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერებისა და აქციის მონაწილეებისთვის მოედანზე სკამები მათი დისტანცირების მიზნით განათავსეს. აქციაზე მისულები თერმოსკრინინგს გადიან, მათ პირბადეებსაც ურიგებენ და მათი გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით ხელში, აქციის მონაწილეები არჩევნებამდე 1 დღით ადრე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ – “დავემშვიდობოთ ბიძინას”- ეს არის ის მთავარი ლოზუნგი, რითიც ისინი დღეს დედაქალაქში ჩამოვიდნენ.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით შეუერთდნენ მხარდამჭერები რეგიონებიდან.
აქციის გამო, თბილისის გარკევულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. აქციის დასრულებისთანავე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.