თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან – მელია თაკო ჩარკვიანზე

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმიანება თაკო ჩარკვიანის განცხადებს, რომ მან “გამოცდა ვერ ჩააბარა”, რადგან არ დაესწრო ჩარკვიანის ორგანიზებულ აქციას რუსთაველზე.

მელიას თქმით, ჩარკვიანის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შეიკავებს.

“უამრავი საორგანიზაციო საკითხით ვარ დაკავებული, არამხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატი ვარ. მე ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ყველა ის აქცია, რომელიც ტარდება სხვადასხვა ჯგუფების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამის მიღმა თავს შევიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან. არ ვიცი, რა გითხრათ”,– თქვა მან TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, დღეს თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა. მას არ დაესწრო ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობა და ნიკა მელია, რამაც ჩარკვიანის უკმაყოფილება გამოიწვია.