ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ მზად არის განკვეთილ მღვდლებს თხოვნის მიხედვით თავშესაფარი მისცეს, თუმცა არა ჭყონდიდის ეპარქიაში.
“მათ შორის, ვისაც სჭირდება თავშესაფარი, მე მზად ვარ, მათი თხოვნის მიხედვით მივცე თავშესაფარი, ოღონდ არა ჭყონდიდის ეპარქიაში. რახან ადგილი არ აქვთ და თავშესაფარი არ აქვთ, მაშინ მე მივცემ მათ თავშესაფარს ცაგერის და ლენტეხის ეპარქიაში. ასე რომ, ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ არის ძალიან ლმობიერი, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ მე არ მაძლევდნენ საშუალებას… ბოლოსაც, როდესაც ჩემთან თავდასხმაზე მოვიდნენ, ვუთხარი, ხალხო, როგორ გელაპარაკოთ, როგორც ბერებს, თუ როგორც კრიმინალებს? არ უნდოდათ როგორც ბერებს ჩემთან საუბარი და როგორ ველაპარაკო, მითხარით? თითი კინაღამ მომტეხეს, თავდასხმა მომიწყვეს, სკოლაში უბედურება მოაწყვეს, სამასწავლებლოში შემომივარდნენ, კრებას ვატარებდი, ათასი შეურაცხყოფა მომაყენეს. თქვენ გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ჩემ მიმართ შეიძლება და ჟურნალისტის მიმართ ასეთი რამ არ შეიძლება? ანგელოზები არიან და როგორ შევეხეთ მათ და ვუთხარით, რომ აქ არ არის მათი ადგილი – ეს არის ძალიან მიკერძოებული მიდგომა და ბოდიშს გიხდით, ასეთ საკითხებზე თავს დიდად ნუ შეიწუხებთ”. – ამბობს მიტროპოლიტი სტეფანე.
ცნობისთვის, დღეს დილით 5 ოქტომბერს სალხინოს მონასტერთან ხმაური იყო – სასულიერო პირებმა თქვეს, რომ მიტროპოლიტი სტეფანეს დავალებით მონასტერი დილის 6 საათზე ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და ნივთების ასაღებად შესვლის უფლებასაც არ აძლევდნენ.