პარტია “კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი 12პარტიისგან შემდგარ გაერთიანებას – ძალა ერთობაშია – პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს სთავაზობს. ამ კანდიდატურას ის გაერთიანების შეკრებაზე აყენებს. ჩარკვიანი ამბობს, რომ ეს მისი პირადი აზრია, თუმცა გაერთიანებაში თანამოაზრეებიც ყავს და საკითხი უმრავლესობით გადაწყდება:
“პროპორციულთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რომ დასრულდება საუბარი, გადადის ყველაფერი საარჩევნო რეჟიმში.
ჩემი რჩეული კანდიდატი ყოველთვის იყო გრიგოლ ვაშაძე და ახლაც ვრჩები მისი პიროვნების და პროფესიონალიზმის ამღიარებლად, მაგრამ იქ იყო საუბარი პრეზიდენტის ინსტიტუციაზე და ძალიან დიდი წარმატება დადო ამ გაერთიანებამ – ძალა ერთობაშია, რომლის დაშლის მცდელობა და სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ყველაზე დიდი დარტყმა ივანიშვილს იმ პროექტმა მიაყენა, რაც იყო მეორე ტური.
ახლა საუბარი არ არის ბატონი გრიგოლის უგულებელყოფაზე , რას ბრძანებთ, ბატონი გრიგოლი არის იმ პოლიტიკოსთაგანი, რომელსაც პატივს ვცემ და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
უბრალოდ პრემიერის ინსტიტუციაზეა ახლა საუბარი და მე ჩემი აზრი გამოვთქვი, და მინდა რომ დავაყენოთ ჩვენს გაერთიანებაში საკითხი.“– ამბობს თაკო ჩარკვიანი.
რაც შეეხება გაერთიანებაში შემავალი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, ჩარკვიანი ამბობს, რომ გაერთიანება არავის აქვს პრივატიზებული:
“მე და არავინ აქ არავისი პრივატიზებული პოლიტიკოსები არ ვართ და პარტიები. მთელი ხიბლი ამ გაერთიანებისა, ძალა ერთობაშია, და რაც მომწონს ზუსტად ნაცმოსთან ურთიერთობაში, ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ვიყავით აზრის გამოთქმაში.
შევჯერდებით. მე დავაყენებ საკითხს. უმრავლესობაში მოხვდება, ნაციონალური მოძრაობის აზრი– ძალიან კარგი. არ მოხვდება – გადაწყდება ისე, როგორც ბევრი საკითხი გადაწყვეტილა თორმეტ პარტიაში, ამ გაერთიანებაში – ძალა ერთობაში.
ეს არის ძალიან ნორმალური ურთიერთობა და ამას უნდა მივეჩვიოთ. აქ ნაციონალური მოძრაობის ან რომელიმე პარტიის მონათა ყრილობა არ არის. აქ არის 12 პარტია.“
თაკო ჩარკვიანი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ოპოზიციის “გაერთიანებულმა მაგიდამ“, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბება ყველა პოლიტდევნილის საკითხი დააყენა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა.
“ეს ცოტა გასაკვირელია საკითხი არ გახლავთ? მოდით ობიექტურები ვიყოთ,ყველა პოლიტდევნილი აღმოჩნდა, გარდა იმ რეფორმატორისა, რომელიც იყო?
მე გავემიჯნე ჯერ კიდევ თვეების წინ ამ პარტიების თავყრილობას. მხოლოდ პროპორციულის და პოლიტპატიმრების გამო შევასრულე პატიოსნად პირობა, მაგრამ დასრულდა ახლა , იწყება საარჩევნო რეჟიმი. რატომ გამოიწვია ვნებათაღელვა გამოიწვია გარკვეულ ადამიანებში, მიკვირს, ახალგაზრდაა, ეკონომიკაში გარკვეული, ბრწყინვალედ მიშა სააკაშვილის რეფორმების უბრწყინვალესი შემოქმედი გიორგი ვაშაძე იყო, იუსტიციის სახლი შეასრულა. როგორ შეიძლება ამ კადრის დაკარგვა. ჩემთვის ალტერნატივა როგორც ახალგაზრდა კადრს პრემიერობისთვის არ ჰყავს. მე ამ აზრს გამოვამზეურებ, თუ ეს მოხვდება უმრავლესობაში, ძალიან გამიხარდება. არ მოხვდება, არ მოხვდება. კონსულტაციები გვაქვს უკვე და ვიცი რომ ბევრი ადამიანი ჩვენს გაერთიანებაში ემხრობა.“– ამბობს ჩარკვიანი.
ის არ პასუხობს კითხვას, ემხრობა თუ არა ვაშაძის კანდიდატურას მიხეილ სააკავშილი:
“მოდით შევინახავ მე ამ ნიუანსებს. არ მიყვარს ყველაფრის გამოტანა საჯაროდ. ის, რომ გიორგი ვაშაძის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება ქონდა საერთოდ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის დროს, როდესაც რეფორმა ბრწყინვალედ შედგა სააკაშვილის და გიორგი ვაშაძის რეფორმა, ამაზე მეტყველებს, რამოდენიმეჯერ ბოლო დროსაც ნახეთ როგორ კონტექსტში მოიხსენია. მე ჩემი თავის მაგივრად ვლაპარაკობ, არავის მაგივრად არ ვლაპარაკობ.
მე პრინციპულ ახალგაზრდად ვხედავ გიორგი ვაშაძეს და ძალიან მინდა ჩემ საქართველოს შევთავაზო ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ეკონომიკაში ერკვევა, რომელსაც ვერ მიაძახებ, რომ სისხლში გასვრილი იყავი და რაღაცა იყავი.
თუ ვიღაცა ეჭვიანობს რაღაცას და რაღაცა სხვა პრობლემები აქვს, არის კიდევ რაღაც დაჯგუფება, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს, მათი პრობლემები იყოს. დავაყენოთ საკითხი და გადაწყდება. არაფერი აქ ასაღელვებელი არ არის. ეს არი სამუშაო შეკრება. გავა ჩემი კანდიდატურა, კარგი. არ გავა და ნუ გავა. მე ეჭვი მაქვს რომ გავა.“– ამბობს თაკო ჩარკვიანი.