პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმიანება ევროკავშირის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესაფასებლად უმოკლეს დროში ვენეციის კომისიას მიმართონ.
თალაკვაძის თქმით, მხედველობაში მიიღებენ პარტნიორების ამ მოწოდებას და კანონს საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნიან.
პარლამენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის 3 რეკომენდაცია უკვე გაითვალისწინეს.
“ერთი კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში, რომელშიც აისახა ვენეციის კომისიის სამი დამატებითი რეკომენდაცია პროცედურასთან დაკავშირებით:
1. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, პროცედურა უნდა ყოფილიყო სრულად ღია და საჯარო. ეს რეკომენდაცია სრულად აისახა ორგანულ კანონში. კერძოდ, ახალი ნორმების თანახმად, მყისიერად გამოქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ყველა შეფასება და გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით, საბჭოს შესაბამისი წევრების ვინაობის მითითებით;
2. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, კანდიდატებს უნდა მინიჭებოდათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ორჯერ გასაჩივრების შესაძლებლობა. ახალი ნორმების თანახმად, კანდიდატმა განმეორებით შეიძლება გაასაჩივროს როგორც საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულები, ისე საბოლოო გადაწყვეტილება წარდგენასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვენეციის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციაც ზედმიწევნით არის გათვალისწინებული;
3. ბოლოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ მკაცრად უნდა შეესატყვისებოდეს მის მიერ მიღებულ ქულებს. ორგანულ კანონში აღნიშნული რეკომენდაციაც სრულად აისახა. კერძოდ, ახალი ნორმები პროცედურის ყველა ეტაპზე სრულად გამორიცხავს უპირატესობის მინიჭებას შედარებით დაბალქულიანი კანდიდატისთვის შედარებით მაღალქულიან კანდიდატთან მიმართებით”,– წერს თალაკვაძე.
მისივე განცხადებით, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც კანონპროექტის მიმართ არსებითი შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
ევროკავშირი აცხადებს, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება დახმარების მეორე ტრანშის გაცემის ერთ-ერთი პირობაა.