თალაკვაძე: ჭორია, თითქოს თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თბილისის მერად კენჭს არ იყრის და ეს ჭორია.

“მიზანმიმართული ჭორია, თითქოს მე თბილისის მერის არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას გუნდის სახელით. მე არაერთხელ ვთქვი, რომ თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი, რომელიც ჩვენი გუნდის წარმატებული ლიდერია და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ბევრ მოქალაქეს სურს, რომ კახა კალაძე იხილოს მერად მომავალში, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში, კამპანიის დაწყებისას წარვუდგენთ მოსახლეობას”,– თქვა თალაკვაძემ.

მისივე მტკიცებით, ქართული ოცნების ლიდერების თვითმიზანი “სავარძელი არაა”.

“მესმის, რომ იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ აღტკინება და გარკვეული სენტიმენტები სკამებთან დაკავშირებით, არ სჯერათ, შეიძლება თუ არა, მიიღოს ადამიანმა ხელისუფლებიდან ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ, არაერთხელ მითქვამს, რომ თანამდებობა და სავარძელი არაა ქართული ოცნების გუნდში არც ერთი ლიდერის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პოზიციები და თანამდებობები გამოვიყენოთ წინსვლისთვის, პროგრესისთვის და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გადალახულია, ეს ნამდვილადაა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში”,– აღნიშნა თალაკვაძემ.