თალაკვაძის გარემოცვამ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი სასტიკად სცემა – “გურიის მოამბე”

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, გარემოცვის წევრებმა გურიის სამაშველო სამსახურის უფროსს და ყოფილ გუბერნატორს, მერაბ ჭანუყვაძეს სასტიკად სცემეს  –  შესაბამის ინფორმაციას, “გურიის მოამბე” ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ქალაქ ოზურგეთში, ნინოშვილის ქუჩაზე. ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის (რომელიც არჩილ თალაკვაძის ძმაა) მოადგილის, ნათია გოლიაძის საცხოვრებელი სახლის ახლოს, გუშინ, დღისით მოხდა.

როგორც წყარო გვიყვება, მერაბ ჭანუყვაძე ე.წ. “სტრელკაზე” გოლიაძეების სახლთან, კოტე შევარდნაძემ, ოზურგეთის მერის მოადგილის, ნათია გოლიაძის ქმარმა  დაიბარა.

ადგილზე მისულ ჭანუყვაძეს შევარდნაძესთან ერთად, არჩილ თალაკვაძის მეგობარი, კოტე შევარდნაძის ცოლის ძმა, დათუნა გოლიაძე, ძმები კვერღელიძეები და რამდენიმე, არჩილ თალაკვაძის კონტროლირებადი ე.წ. “კრიმინალური ავტორიტეტი” დახვდა.

გოლიაძეების სახლში მოქმედი მერი ავთანდილ თალაკვაძე ცხოვრობს, თავად არჩილ თალაკვაძე კი, ოზურგეთში ყოფნისას, თვითონაც მისი მეგობრის სახლში ჩერდება ხოლმე.

მერაბ ჭანუყვაძეს დამხვდურები პიროვნული შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

შევარდნაძის მხარე ამტკიცებდა, რომ ჭანუყვაძემ მას, წინა დღით, ერთ ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის დაბადების დღეზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუცელზე უხერხულად შეეხო.

საბოლოო ჯამში “საქმის გარჩევა” ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მსუბუქად.

გამოცემის ცნობით,თავად ჭანუყვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა,  პოლიციელებს, “გურიის მოამბის” წყაროს ინფორმაციით, ადგილი კრიმინალური ავტორიტეტების მოთხოვნით, ოზურგეთის პოლიციის უფროსმა, გიორგი შარაშენიძემ დაატოვებინა.