თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო – ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ დაახლოებით 6 თვის წინ, თამარმა მამამისს ელექტროშოკი სთხოვა, მამა კი ის უშოვა.

“მამამისს სთხოვა, თუ შეგიძლია ელექტროშოკი მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი, ატარებდა. იმ დღეს [გარდაცვალების დღეს] ჰქონდა თუ არა, არ ვიცი. ზუსტად ვერ ვიტყვი თარიღს, დაახლოებით 5–6 თვის წინ”,– ამბობს ფორმულასთან ინტერვიუში თამაზაშვილი.

მისი თქმით, თამარს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით დასჭირდა, რომ “ყოველი შემთხვევისთვის ჰქონოდა”.

თეონა თამაზაშვილს შსს–მ უთხრა, რომ ეს ელექტროშოკი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იპოვეს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.