თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.
როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ Facebook გვერდს, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ, ამ ეტაპზე კი რაიმე მოსაზრების გამოთქმისაგან, ადვოკატი თავს იკავებს.
მიხეილ რამიშვილი კომპიუტერი გახსნის პროცედურაზე დასწრებას ითხოვდა.
“კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წარმომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს. თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას” თქვა რამიშვილმა.