თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში მისი სისხლის წვეთები აღმოჩნდა. რატომ არაფერი თქვა პროკურატურამ ამის შესახებ

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში ნაპოვნია სისხლის წვეთები და სხვა ადამიანების დნმ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. პროკურ დავით გუმბერიძეს მანქანაში აღმოჩენილი სისხლის შესახებ არაფერი უთქვამს პრესკონფერენციაზე, სადაც ბაჩალიაშვილის საქმის ექსპერტიზაზე და ავტომანქანაში აღებული ნიმუშების ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში  ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად  წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე – ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ მანქანაში სხვა ადამიანების გენეტიკური პროფილი არ აღმოჩენილა, გარდა ამისა,  არაფერი უთქვამს სისხლის წვეთებზე, რომლებიც მანქანაში შემდეგ ადგილებზე და ნივთებზე აღმოჩნდა:

ბაჩალიაშვილის  სისხლის წვეთები იყო პირბადეზე, რომელიც იდო მაგნიტოფონის ქვევით. ექპერტების დასკვნით, სისხლის წვეთები თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. თამარ ბაჩალიაშვილის სისხლი აღმოჩნდა ასევე უკანა მარჯვენა ხალიჩაზე. მობილური ტელეფონის ორივე მხარეს. სისხლი იპოვნეს უკანა მარცხენა სავარძლის წინ ხალიჩაზე არსებულ ორ ცალ თეთრი ფერის სპორტულ ფეხსაცმელზე. ეს სისხლიც თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

პირბადეზე კი თამარის სისხლის წვეთების გარდა აღმოჩენილია, უცნობი მამაკაცის დნმ-ი, რომელიც არ შიძლება იყოს თამარის ბიოლოგიური ნათესავი. სიჩქარის გადამრთველ კოლოფზე თამარის დნმ-სთან ერთად მდედრობითი სქესის კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ია, რომელიც შეიძლება თამარის ბიოლოგიური ნათესავის იყოს.

თამარის დედა ამბობს, რომ წინა დღეს იჯდა მის ავტომობილში და მისი დნმ-ი აუცილებლად იქნებოდა მანქანაში, მაგრამ გამოძიებამ დღემდე დაზუსტებით არც ის თქვა, სიჩქარის კოლოფზე არსებული დნმ-ი ეკუთვნის თუ არა მის დედას, თეონა თამაზაშვილს. მანქანის სალონის წინა სათავსოს სახელურზე, ელექტროშოკზე, ტუბზე, იპოვნეს ასევე მამაკაცის დნმ-ი, რომელიც განსხვავდება პირბადეზე არსებული მამაკაცის დნმ-ისგან. ექსპერტებმა ამ დნმ-ის კუთვნილება მათთან არსებული დნმ-ების ბაზის მიხედვით ვერ დაადგინეს.

ჯერჯერობით გამოძიებას ამ საკითხებზე არაფერი უთქვამს, თუმცა ეს ინფორმაცია მისივე ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნებში წერია.