თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალური პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს.
„ძალიან ბევრი კითხვა გვექნება. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. პირველ რიგში, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მხრიდან იქნება კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ პროკურორმა არაეთიკური კითხვები დასვა, რატომ მოინდომა ინფორმაციის მიღება, რაც უკავშირდება ჟურნალისტს და მიკავშირდება მე. არსებული აბსოლუტურად მიუღებელია. მე არა ბრალდებულის, არამედ დაზარალებულის ინტერესებს ვიცავ. ეს გარემო და ფონი ფსიქოლოგიურად ცოტა მიუღებელია. არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც კიდევ უფრო მრავალი ხდება. ირაკლი შოთაძესთან მე უფრო საქმიანი კითხვები მექნება. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვ“, – განაცხადა რამიშვილმა.
„მთავარ პროკურორთან ვისაუბრებ, რომ ეს არ არის უბრალო, მარტივი საქმე, არამედ ძალიან სერიოზული საქმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიებას სრული უფლება აქვს იმუშაოს მრავალ ვერსიაზე, მაგრამ ვერსიაზე არა სიტყვიერად, არამედ საქმით უნდა იმუშაოს. შესაბამისად, შევაჯერებ ვინ, რაზე მუშაობს საქმით და ვინ რაზე მუშაობს სიტყვით. ნდობა ეს არ არის მარტო სიტყვა, ეს არის შედეგი და აქედან გამომდინარე, უკვე გვეცოდინება იქნება თუ არა ნდობა“,-განაცხადა რამიშვილმა.