თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტად უკრაინელი გალინა კარმუშინა ჩაერთო. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
“ჩვენ მოგვმართა ადვოკატმა ბატონმა მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი ემპათია ჩაერთვება. ამ ეტაპზე გვქონდა კომუნიკაცია გამომძიებელთან და გავაგზავნეთ ჩვენი ექსპერტი, ქალბატონი გალინა კარმუშინა ჩაერთვება. შემდგომში ადვოკატთან და ოჯახთან ერთად იქნება დასახული შემდგომი სტრატეგია. შესაძლებელია, რომ ჩაერთოს კიდევ უფრო მეტი ექსპერტი, მათ შორის მეც, რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვიქნები”,– ამბობს ჯიშკარიანი.
გალინა კარმუშინა უკრაინელი ექსპერტია, რომელმაც მთავარი არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ექსპერტიზის სისწორე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, ოქმში მითითებული მონაცემებით ირკვევა, რომ შაქარაშვილს მისი წყლიდან ამოყვანის დროს გვამური გაშეშება აღენიშნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის 4 დღის გარდაცვლილი ვერ იქნებოდა.
მას დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ უპასუხა და თქვა, რომ დასკვნაში ტექნიკური შეცდომა დაუშვეს.