23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი მეორე სამსახურში, ავსტრიულ კომპანია SPRYFLASH-იც მუშაობდა, თუმცა, როგორც ტელეკომპანია “კავკასიას” SPRYFLASH-დან ექსკლუზიურად მიწერეს, ბაჩალიაშვილმა მეორე სამსახურთან თანამშრომლობა 2020 წლის 21 თებერვალს გაწყვიტა.
კომპანიის ცნობით, ბაჩალიაშვილი არ ყოფილა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ის უმცროსი პროგრამისტი იყო.
“თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავი შოკისმომგვრელია. ინფორმაცია ქართველი ჟურნალისტებისგან მივიღეთ. ჩვენი კომპანია ავსტრიულ IT კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი ფუნქცია ბიზნესისთვის ვებ საიტებისა და პროგრამების შექმნაა. ქალბატონი ბაჩალიაშვილი მუშაობდა ჩვენს კომპანიაში არა როგორც თანამშრომელი, არამედ როგორც ქვეკონტრაქტორი. ჩვენ ქალბატონი ბაჩალიაშვილი დავიქირავეთ იმისთვის, რომ შეგვექმნა spry.fire-ს გაფართოების პროგრამა კომპანიებში პროცესების კონტროლისთვის.
ქართულ მედიაში ქალბატონი ბაჩალიაშვილი მოხსნეიებულია როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ჩვენ არ შეგვიძლია დაადასტუროთ ეს ინფორმაცია. ქალბატონი ბაჩალიაშვილი ჩვენთვის მუშაობდა როგორც უმცროსი პროგრამისტი, მისი ამოცანა იყო პროგრამირების წერა.თანამშრომლობა გაგრძელდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლამდე (ბოლო სამუშაო დღე იყო 21 თებერვალი) და შემოიფარგლებოდა მხოლოდ პროფესიონალური ასპექტებით.
ჩვენ ქალბატონ ბაჩალიაშვილს პირადად არასოდეს შევხვედრილვართ, მთელი თანამშრომლობა მხოლოდ ციფრული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ ქალბატონ ბაჩალიაშვილთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია. გთხოვთ, ჩვენი სამძიმარი გადასცეთ ქალბატონ ბაჩალიაშვილის ოჯახს.” – მიწერა კომპანიამ ტელეკომპანია “კავკასიას”.
ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.