თამარ კორძაიამ მანდატის შეწყვეტის საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა. აღნიშნული შუამდგომლობით მან სასამართლოს დღეს, 10 ივნისის მიმდინარე სხდომაზე მიმართა.

“ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე უნდა ვთქვა უარი სარჩელზე. მოგეხსენებათ, რომ ყველამ კარგად ვიცით, გარკვეული მოქმედებები უნდა განვახორციელოთ ვადებში. ინდივიდუალური დადგენილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 16 თებერვალს და წინა დღეს შემოვიტანე სარჩელი. უკვე 22 თებერვალს მოხდა პოლიტიკური ლიდერის დაკავება, შემდგომ ამან გამოიწვია სერიოზული პოლიტიკური რყევები და მათ შორის ამას მოჰყვა მოლაპარაკებები. ამ პროცესის მონაწილე ვიყავი.

19 აპრილს შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა გამოვხატეთ პოლიტიკური ნება და თქვა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ გავაგრძელებთ პარლამენტში. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. მე 31 მაისს ამ შეთანხმებას მოვაწერე ხელი და ეს ხელმოწერა ნიშნავს, რომ მე უნდა შევიდე პარლამენტში და ვიმუშავო, როგორც პარლამენტის წევრმა. ეს გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებაშუ და, ვფიქრობ, ის პასუხისმგებვლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით, მავალდებულებს ვიმუშავო პარლამენტში”,– განაცხადა კორძაიამ.

მანდატის შეწყვეტის სარჩელზე უარს არ ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. პარლამენტში შესვლას არ აპირებს ელენე ხოშტარიაც.

მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტის უარი ზურაბ ჯაფარიძემ, თამარ კორძაიამ და ელენე ხოშტარიამ თებერვალში გაასაჩივრეს.