თბილისის ბიუჯეტი 209 მილიონი ლარით იზრდება

დღეს, საკრებულოს სხდომაზე, მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის  ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება და 2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.

“საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ  საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილება გააცნო საკრებულოს წევრებს. ცვლილების მიზანი, 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდა და ქვეპროგრამის მოსარგებლედ განსაზღვრის კრიტერიუმების დაზუსტებაა. წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ფულადი დახმარება განსაზღვრულია 1000  ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით. აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი, ასევე  სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“  განკარგულების პროექტი,  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.

საკრებულოს წევრებმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტებზეც იმსჯელეს. საკითხი სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.  საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ რამდენიმე მისამართზე  არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით  პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა.საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური  ცვლილებები დაამტკიცეს.დღესვე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს”. – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.