საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული ორი პირი 8 დღის განმავლობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. როგორც საიაში აღნიშნავენ, პირები რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და პასუხის მიღებას.
შოთა და ირაკლი გურეშიძეები საქართველოში 14 აპრილს ჩამოფრინდნენ. ჩამოფრენისთანავე ისინი გადაიყვანეს თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში. ვინაიდან მათ ჰქონდათ თვითიზოლაციისთვის სათანადო საცხოვრებელი სახლი, მომდევნო დღეს შესაბამის პირებს აცნობეს, რომ სურდათ საკარანტინო პერიოდის თვითიზოლაციაში გატარება. მათი მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია და კარანტინში დარჩენასთან დაკავშირებულ თანხმობის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.
„ხელის მოწერაზე უარის თქმა პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, ორივე მათგანს შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმეს 3000-3000 ლარით. მომხდარის გამო, ირაკლი და შოთა გურეშიძეებმა შიმშილობა დაიწყეს, რომლის შეწყვეტაც 8 დღის შემდგომ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწიათ.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირები არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკარანტინო ზონაში მოთავსებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს შესაბამის უწყებებს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ არ აქვთ საკარანტინო ზონის დატოვების უფლება, საჩივარი გაგზავნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ მეილზე, ასევე facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე. თუმცა, მათთვის დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა წარდგენილ საჩივრებს. ისინი ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დაკავშირებას და სათანადო დასაბუთების მიღებას.
საია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით 14-დღიანი საკარანტინო ვადის ამოწურვამდე უზრუნველყონ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და შესაბამისი შედეგების თაობაზე განმცხადებლების ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.