თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთების ზონირების ძველ სტატუსს ვერ დაიბრუნებენ, მერია ადგილმონაცვლეობას შესთავაზებს. როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, როდესაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა, მუნიციპალიტეტმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას შეზღუდული ზონის სტატუსი მიანიჭა.
“ძალიან დიდი არეალი განისაზღვრა და გარკვეული ტიპის მშენებლობების განხორციელება შეიზღუდა, რადგან თბილისის ზღვისგან დედაქალაქის მოსახლეობას კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სასმელი წყლით ამარაგებს. დავიწყეთ კვლევების ჩატარება, რომლის შემდეგაც, სანიტარიული დაცვის წესები დამტკიცდა. ასევე, განისაზღვრა გარკვეული რეგულაციები, რომელიც დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნული ტერიტორიის განვითარება სწორედ ამ წესებისა და რეგულაციების მიხედვით უნდა მოხდეს”, – განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების დამტკიცების შემდეგ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დიდ ნაწილს არსებული შეზღუდვები მოეხსნა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ზონები, სადაც კერძო მესაკუთრეებს ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობა ვერ მიეცემა.
“ვისაც საკუთრებაში არსებულ მიწებზე აღნიშნული პრობლემა აქვს და ზონირების სტატუსის გამო, სხვადასხვა ქმედების განხორციელებას ვერ ახერხებენ, აუცილებლად უნდა მოგვმართონ და რა თქმა უნდა, ისინი არცერთ თეთრს არ დაკარგავენ. იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთების ადგილმონაცვლეობა მოხდება, რომლებიც შეზღუდულ არეალში დარჩა. მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პრობლემა აწუხებს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ. იმის გამო, რომ მესაკუთრეებს არ გაუუარესდეთ მდგომარეობა, მოხდება მათი საკუთრების შეფასება და იმავე ფასში ადგილმონაცვლეობას შევთავაზებთ”, — განაცხადა თბილისის მერმა.