“თბილისის მერიამ მეტროს ვაგონები საბრძოლო ტექნიკის მწარმოებელ რუსულ კომპანიას შეუკვეთა”- ამის შესახებ, ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძეს რუსული სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიასთან, “მეტრო ვაგონ-მაშთან”, 170-მილიონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
”აღმოჩნდა, რომ მაშინ, როდესაც გენოციდს აწყობს პუტინის რეჟიმი უკრაინის მთელ რიგ ქალაქებში და ბლოკადაში ჰყავს აყვანილი ასობით ათასი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე, დედაქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, თბილისის მერიის სახელით აქვს კონტრაქტი გაფორმებული რუსულ კომპანიასთან “მეტრო ვაგონ-მაშთან”, 170 მილიონი ლარის ღირებულების. ეს ის კომპანიაა, რომელსაც კონტრაქტის თანახმად, 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის. მაგრამ ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი რუსული სამხედრო ინდუსტრიისა, მუხლუხოებიანი ჯავშანწარმოების მხრივ. ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი კომპანია. პირველი თქვენ უნდა ყოფილიყავით ის ადამიანი, ვინც გამოექომაგებოდა უკრაინელებს და უკრაინას… ხმასაც არ იღებთ და გატრუნულები ხართ” – ამბობს მელია და კალაძეს მიმართავს.