თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ძვირდება დასუფთავების გადასახადი.
მერიის განმარტებით, გადასახადის გაზრდა განპირობებულია ერთის მხრივ იურიდიული პირების მატებით, ხოლო მეორეს მხრივ, მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების ოდენობის მატებით.
თბილისის საკრებულოში ენმ-ს დეპუტატი, ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ბიზნესს მინიმუმ გაუორმაგდება დასუფთავების გადასახადი.
“მოსახლეობისთვის ტრანსპორტის გაძვირების შემდეგ, თბილისის მთავრობამ და კონკრეტულად, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს უძვირდება დასუფთავების მოსაკრებელი.
კალაძემ მხოლოდ წინასაარჩევნოდ, ბიზნესის სტიმულირებისთვის დახარჯა 4.5 მილიონი და თუ ასე უჭირს ბიზნესს, ეს ხომ არათანმიმდევრულობაა. ასეთ პირობებში კალაძეს ბიზნესს უზრდის მოსაკრებელს, ორჯერ მაინც”, – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა ფორმულასთან საუბრისას.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ვარაუდობს, რომ ბიზნესისთვის, მათ შორის, აფთიაქებისთვის, სასურსათო მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის, საწარმო ობიექტებისთვის და სხვა ობიექტებისთვის გადასახადის გაზრდა მათი პროდუქტისა და მომსახურების ფასების ზრდასაც გამოიწვევს.
“ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, “ქართული ოცნება” არის მოსწრებაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ამოიღოს ამ ისედაც გაღატაკებული მოსახლეობისგან და თავიანთ მილიონებს და მილიარდებს, კიდევ დამატებით მილიონები და მილიარდები დაამატოს”, – თქვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.
დასუფთავების მოსაკრებელზე საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებას დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.