ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, წელს თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლო განათებაში 616 000 ლარს დახარჯავს. მერიის კომპანიამ, შპს თბილსერვის ჯგუფმა, საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე ორი სახელმწიფო შესყიდვა გააკეთა.
2020 წლის 27 ოქტომბერს კომპანიამ 419 840 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია შპს ბენ 3-თან. კომპანია საახალწლო გირლიანდებს მიაწვდის თბილისის მერიას. ამავე კომპანიას 2019 წელს ნახევარ მილიონ ლარამდე (472 980 ლარი) ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა მერიამ საახალწლო განათებებისთვის.
მეორე შესყიდვა თბილსერვის ჯგუფმა, 2020 წლის 28 ოქტომბერს გააკეთა. კომპანიამ 195 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა კომპანია შპს “ღამის შოუს სტუდიასთან”. სახელმწიფო შესყიდვის საგანი – საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების და აქსესუარების, ნაძვის ხის მორთვა გაფორმების სამუშაოების მომსახურების შეძენაა.
თბილისის მერია 2019 წელს მილიონ ლარად შესყიდული საშობაო ნაძვის ხის გადაკეთებას გეგმავს, რაშიც 104 ათას ლარამდე დახარჯავს.
ცნობისთვის, 2019 წელს თბილისის მერიამ 3.17 მილიონი ლარი დახარჯა საშობაო ნაძვის ხის შეძენასა და თბილისის ქუჩების მორთვისთვის. 2017-2020 წლებში კი მხოლოდ საახალწლო განათებებში სულ 5 064 886 ლარი დაიხარჯა.