თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი, არცერთი პარტიის წევრი – ხაზარაძე

პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ამომრჩეველს ოპოზიციამ თბილისის მაგალითზე უნდა აჩვენოს “კოალიციური მმართველობის რეპეტიცია”.

მისი თქმით, თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციას საერთო კანდიდატი უნდა ჰყავდეს, თუმცა ის არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წევრი.

“ლიდერებმა, ჩემით დაწყებული, უარი თქვან თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე. თბილისის თავი, ანუ მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი, არცერთი პარტიის წევრი, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუდგება გვერდში. თუ მოვძებნით, ვიპოვით. ან ძალიან დიდი კორპორაციის ხელმძღვანელი, ან უცხოეთში ჩვენი რომელიმე წარმატებული ადამიანი, რომელსაც ვთხოვთ, რომ აი, იქ რომ გააკეთე წარმატება, ჩამოდი, ჩვენ დაგიდგებით, გეგმა დავდოთ და გავაკეთოთ საქმე ისე, როგორც არ ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში”,– თქვა ხაზარაძემ TV პირველის ეთერში.

ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, ამ იდეაზე იფიქრონ და მსგავსი ადამიანი ერთად მოძებნონ.