თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პარლამენტის წინ არ დაიდგმება – ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საახალწლო ღონისძიებებისთვის 8 280 000 ლარი დაიხარჯება.
“2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია “საახალწლო ქალაქის” მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს. “საახალწლო ქალაქი” 2025 წლის 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება.
ქალაქ თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.
მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.
მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, “საშობაო ბაზარი” და “ტკბილეულის ფესტივალი”.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.













