თბილისის მიკროავტობუსი პერსონალის გადაყვანისთვის კომპანიებს საკუთარ მომსახურებას სთავაზობს

“თბილისის მიკროავტობუსი” სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს მომსახურე პერსონალის გადაყვანას სთავაზობს.

მათი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმ ობიექტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად მუშაობას აგრძელებენ.

“სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომსხურე პერსონალს შექმნილ ვითარებაში გადაადგილების პრობლემა შეექმნა, აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს “თბილისის მიკროავტობუსი” მოლაპარაკების რეჟიმშია ყველა იმ მსხვილ ფარმაცევტულ, სადისტრიბუციო თუ ქსელური მარკეტების მფლობელ კომპანიებთან, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას და ესაჭიროებათ მომსახურე პერსონალის ორგანიზებულად გადაყვანა”, – წერია განცხადებაში.

როგორც ,,თბილისის მიკროავტობუსი” აცხადებს, სარგებლის მიღების გარეშე, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს საერთო ტარიფს სთავაზობს.

“ერთ მიკროავტობუსზე, ყოველდღიური მომსახურება (სატრანსპორტო საშუალების ავტოფარეხიდან დაძვრის შემდეგ, ავტოფარეხში დაბრუნებამდე) განისაზღვრა ფასით — ფიქსირებული 40 ლარი და განვლილი მანძილის მიხედვით, ერთ კილომეტრზე 0.70 ლარის გაანგარიშებით. მგზავრების გადასაყვანად გასული ყველა სატრანსპორტო საშუალება ყოველდღიურად ასევე გაივლის დეზინფექციას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აიკრძალა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ კი ეს აკრძალვა ყველაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხო.

კარანტინის პირობებში მხოლოდ სტრატეგიული ობიექტები აგრძელებენ მუშაობას, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ 18 ეკონომიკური საქმიანობა არ არის აკრძალული.