თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ჩატარებული სეროპრევალენტური კვლევით დადგინდა, რომ თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9.1%-ს კორონავირუსი გადატანილი აქვს. თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ კვლევა რამდენიმე დღის წინ დაასრულეს.
მისი თქმით, შემთხვევითი პრინციპით გამოიკვლიეს თბილისის 1 000 მოქალაქე და შეამოწმეს, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კორონავირუსის მიმართ.
“თბილისში ჩავატარეთ კვლევა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა და 9,1 პრევალენტობაა. თბილისის მოზრდილი მოსახლეობის 9%–ს გადატანილი აქვს ინფექცია. გაზაფხულზე ჩვენ გვქონდა ასეთი კვლევა და იქ მაჩვენებელი 0,9% იყო.
რანდომული კვლევა ჩატარდა, არსებობს მეთოდიკა, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვიკვილეთ თბილისის 1000 მცხოვრები და ვნახეთ, რამდენს ჰქონდა პოზიტიური ანტისხეულები კოვიდის მიმართ და იქ დადგინდა, რომ ცხრაზე ოდნავ მეტი პროცენტი ქალაქის მოსახლეობის არის ინფექციაგადატანილი. ჩატარდა სხვადასხვა ქალაქებშიც ეს კვლევა, ნიუ იორკში 25 პროცენტი იყო, ჟენევაში 14 პროცენტი, სადღაც 5 იყო, სადღაც 8 იყო. ვიტყოდი, რომ 10 პროცენტი მოსახლეობის ინფიცირება, ეს არის საშუალო ევროპული პროცენტი”,– თქვა თენგიზ ცერცვაძემ.