უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ გამოუცხადებიათ.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს კარგი დაფიქრება სჭირდებათ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგან.
სუბარი აღნიშნავს, რომ თბილისის პარალიზების უფლებას არავის მისცემენ, თუმცა არც “იმას გაიმეორებენ, რაც 26 მაისს მოხდა”.
“ვურჩევდი, არ შეასრულონ ჩვენი ქვეყნის მტრების სურვილი, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ საქართველო არ განვითარდეს. რაც შეეხება თბილისის პარალიზებას – ვერავინ ვერ მოახდენს თბილისის პარალიზებას, არავის მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია თუ კანონის დარღვევას ეცდებიან – კანონი ამოქმედდება.
შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა, შეიძლება ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს და უფრო მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს, ვიდრე საერთაშორისო კონვენციები და საქართველოს კანონმდებლობა. თბილისის პარალიზების უფლებას არავის არ მივცემთ, მაგრამ არც იმას არ გავიმეორებთ, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები”, – განაცხადა სუბარმა.