„მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაში რჩება. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული ვითარება, რადგან რურუა ჯანმრთელობის მდგომარეობით რისკ-ჯგუფს წარმოადგენს.
“სასამართლოზე დაკითხულ პირთა ჩვენებებიდან აშკარად გამოვლინდა, მათ შორის პოლიციელების ჩვენებებიდან, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა და პოლიტიკური პატიმარია და მხოლოდ იმიტომ იმყოფება ციხეში, რომ მთავარი არხის დამფუძნებელი და ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერი”, — ამბობს ადვოკატი მთავარ არხთან.
გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.