“თბილისი მოლთან” ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი მოხდა – “მედიაჩეკერი”

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით 2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე გაიმართა. „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციის გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, „შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე“.

2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მომხდარ შემთხვევებს გამოეხმაურა და დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“.

„ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია “ქართული ოცნების” რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

„თბილისი მოლთან“  მიმდინარე აქციის გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

  • „TV პირველი“

დაახლოებით 18:00 საათზე, აქციის გაშუქებისას დაშავდა „TV  პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ტელევიზიის განცხადებით, ოპერატორი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში, პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. ჟურნალისტის თქმით, მანამდე პოლიციელებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეეცადნენ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც. „TV პირველის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მოადგილემ, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს პირადი ტელეფონი წაართვა, ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა.

  • „ფორმულა“

„TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის თქმით, პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც.

  • „მთავარი არხი“

20:36 საათზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელებმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • „მედია აპრილი“

პოლიციელებმა აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ თანამშრომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობდნენ, მათთვის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაეტოვებინათ.

  • „რადიო თავისუფლება“

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაემუქრნენ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“.

  • „რადიო მარნეული“

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტ ვლადიმერ ჩხიტუნიძესაც. ის პოლიტიკოს ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

  • „გურია ნიუსი“

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტსაც. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს „გურია ნიუსის“ კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.

  • „მედიაჩეკერი“

„თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციის დროს პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ წელს პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა.