თბილისში დააკავეს 30 წლამდე ნიგერიელი მამაკაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალებით აშანტაჟებდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით , თბილისში მცხოვრებმა  ნიგერიის მოქალაქემ გაცნობის გვერდის საშუალებით გაიცნო ქალი, რომელთანაც  ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ქალი თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა.

ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გაჩხრიკეს  ნიგერიის მოქალაქის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა. ნიგერიის მოქალაქეს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა და საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.