თბილისში დღეიდან, ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მისივე თქმით, ელექტროსკუტერების ახალი პროექტიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა. მომხმარებელი მის გააქტიურებას სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს. მგზავრობის დაწყების ღირებულება 1 ლარია, ხოლო ყოველი მომდევნო წუთი 35 თეთრი ღირს. ელექტროსკუტერით 1 საათის სარგებლობის ფასი 21 ლარია.
პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. პროექტის მიზანი არსებულ ვითარებაში სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავებაა, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.
ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია სპეციალური აპლიკაცია (BIRD) და ვებგვერდი (www.scroll.eco), სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი. ელექტროსკუტერით პირველი მგზავრობისას ათი წუთი უფასოა, რომლის გააქტიურებასაც მომხმარებელი სპეციალური პრომო კოდის საშუალებით შეძლებს.
ელექტროსკუტერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და Bird-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე დამუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე, აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.