თბილისში კარანტინი კიდევ ერთ კლინიკაში გამოცხადდა და დაიხურა

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის შემდეგ კარანტინი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალშიც გამოცხადდა და დაიხურა.  პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჰოსპიტლის სტრატეგიულის ხელმძღვანელის, ეკა სანიკიძის განაცხადებით, ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური.

სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი 72 წლის ქალს PCR ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს. ექიმის თქმით, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ კორონავირუსის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის ქმარს კორონავირუსი დაუდგინდა.

,,ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“,- განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძემ ასევე აღნიშნა,რომ შედგენილია პაციენტების კონტაქტების სიები და ის მოკლეა, რადგან კლინიკაში რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილია.

,,ჩვენ ამ ეტაპზე მხოლოდ მიღება დავკეტეთ და არა კლინიკა. აუცილებლობა არ არის, რომ კლინიკა მთლიანად დავხუროთ და ნაოპერაციები პაციენტები სადმე გადავანაწილოთ, თუმცა ვისაც შემხებლობა ჰქონდა, ყველა უნდა გამოვიკვლიოთ. დროებითი საბჭო შეიკრიბა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლის რეკომენდაციით ვმოქმედებთ. როგორც კი პაციენტის ინფიცირების ფაქტი დადგინდა, მაშინვე შედგა სიები, ვისაც შეიძლებოდა მასთან 6 აპრილიდან დღემდე კონტაქტი ჰქონოდა“,-აცხადებს ეკატერინე სანიკიძე.