თბილისში მამაკაცმა მეზობლად მცხოვრებ ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა

შსს-ს არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ე.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 2001 წელს დაბადებულ ვ.გ.-ს და 2003 წელს დაბადებულ ფ.გ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამკურნალო დაწესებულებაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ”,- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.