“თბილისში, მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება”- ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ასევე თბილისში, პროპორციულ ნაწილში, 323 შემაჯამებელ ოქმში ბალანსი არ ჯდება.
„თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება, ეს არის 1/3-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 323 შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი.
პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 91 საჩივარი, მაგრამ ამ 91 საჩივრით გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შეამაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში. გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები“,- განაცხადა კორძაიამ.