ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედს კორონავირუსი გადატანილი აქვს, თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა ამის შესახებ არც იცის. ცერცვაძის ინფორმაციით 2021 წლის მარტში ჩატარდა კვლევა, რომლის დროს შეისწავლეს COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით.
ცერცვაძის თქმით, ეს წარმოდგენას გვაძლევს, მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.
ეს მონაცემები შედარდა COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობასთან.
მასში მონაწილეობდა 903 ადამიანი თბილისის ყველა რაიონიდან. მათ არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19.
მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა ქ. თბილისის მთელ მოსახლეობაზე.
ცერცვაძის თქმით, კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ:
თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.
ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.
ჯამში, 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს.
ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის).
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები).
ანალოგიური კვლევა ქ. თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული – 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში – 9.1%-ს”. – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.