თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული რ.კ. და 1970 წელს დაბადებული დ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები თბილისში, ასათიანის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე ტაქსიში ჩასხდნენ. ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღნიშნული ტაქსის მძღოლს – 1972 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ხოლო მეორემ შებოჭა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა ბასრი საგნის მუქარით მას კუთვნილი ნივთები გასტაცეს.
სამართალდამცველებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთები – ნივთმტკიცების სახით ამოიღეს” – წერია შსს-ს განცხადებაში.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.