კომპანია „ჯივიპის” არსებული ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს, უმძიმეს მდგომარეობაშია – თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქში წყალმომარაგება სერიოზული პრობლემაა, ხოლო კომპანია GWP-ს ვალდებულება აქვს, რომ წყალმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობა გამოასწოროს, თუმცა „ჯივიპის” ქსელი კრიტიკას ვერ უძლებს და უმძიმეს მდგომარეობაშია.
„ძალიან ხშირია ავარიები. შეიძლება, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში ავარიები ყოველდღიურადაც ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, იმდენად მასშტაბურია ავარია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ისიც შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ, ყველგან პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, იმიტომ, რომ წინა წლების განმავლობაში კომპანიას ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე ყურადღება არ მიუქცევია. ეს არის თბილისის შექმნიდან არსებული კომუნიკაციები, რომელიც არ შეცვლილა. შეიძლება ფრაგმენტული ცვლილებები ხორციელდებოდა, თუმცა ძირეული ცვლილებები არსად განხორციელებულა. შესაბამისად, ნაწილობრივად, იქ სადაც მერია ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შედის, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მოვაწესრიგებთ და რა თქმა უნდა, კომპანიას აქვს ვალდებულება, რეაგირება მოახდინოს და არსებული მდგომარეობა გამოასწოროს,” – განაცხადა კალაძემ.