თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება. აღნიშნული ინიციატივა დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ ეტაპზე, 15 გეოგრაფიული ობიექტის სახელდება განხორციელდება. მათ შორის, ვაკის რაიონში, თხინვალაში მდებარე უსახელო სკვერს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭება; საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას დაერქმევა; ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას კი რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის კახაბერ თავგორაშვილის სახელი მიენიჭება. ამავე ომში გარდაცვლილი ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის, ფოტორეპორტიორის ალექსანდრე კლიმჩუკის და ჰოლანდიელი ტელეოპერატორის სტან სტორიმანსის სახელობის ქუჩების სახელდება კი სამგორის რაიონში განხორციელდება.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, თუმცა ამავდროულად იგი გმირობასა და თავდადებასთან ასოცირდება. მისივე თქმით, საქართველო ოკუპაციას არასდროს შეეგუება.